გაკვეთილის გეგმები


სამოდელო გაკვეთილის გეგმა
სამოდელო გაკვეთილის ტიპი-გამჭოლი კომპეტენციები
რაოდენობრივი წიგნიერება და ციფრული წიგნიერება
მასწავლებელი: ფიქრია მახარაშვილი

საგანი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
კლასი:  მე-6
თემა: ფორმულების შექმნა და გამოყენება ელექტრონულ ცხრილში.
დრო:  45წთ
მოსწავლეთა პროფილი: 14 მოსწავლე( სსსმ მოსწავლე არ მყავს)
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეები  ელექტრონული ცხრილის საშუალებით შეძლებენ რიცხვითი  მონაცემების დამუშავებას, გამოთვლების შესრულებას. ფორმულების გამოყენებით შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოს, ამოხსნიან რეალური, ცხოვრებისეული ვითარებების ( ფინანსური მონაცემების დამუშავება) შესაბამის ამოცანას. ახსნილი მასალის საფუძველზე შეძლებენ მოსწავლეების აკადემიური მოსწრების მიხედვით საშუალო არითმეტიკულის გამოთვლას და ინფორმაციის  სხვადასხვა გზით ორგანიზებას.( მაგ: დიაგრამის აგება, ან ელექტორნული ცხრილის შექმნა, ან პიქტოგრამის გამოყენება.)
გრძელვადიანი მიზანი:  სამომავლოდ მოსწავლეები შეძლებენ ელექტრონულ ცხრილში ფორმულების შექმნას და გამოყენებას სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად.
ე.ს.გ-ს მიზნები:
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  აღწერს და აყალიბებს ციფრული მასალის სტრუქტურას; შეარჩევს მიზნის შესაფერის სტრუქტურას და ამ სტრუქტურის შესაფერის ციფრულ საშუალებებს (მაგალითად: დინამიური ცხრილისათვის, რომელიც შეიცავს ურთიერთ- დამოკიდებულ მონაცემებს - იყენებს ელექტრონულ ცხრილს.
Ø  აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს ციფრულ საშუალებებს ცნებების, ობიექტების და პროცესების გამოსახვისას;
Ø  ახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას.
Ø  საკუთარი ციფრული მასალის გავრცელების და უკუგების მიღების მიზნით შეარჩევს შესაფერის საშუალებას და ხერხს. იყენებს უკუგების შედეგს და სხვების მონაწილეობას პროდუქტის გასაუმჯობესებლად.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
 მოსწავლეებმა იციან ელექტრონული ცხრილების შექმნა, მონაცემთა შეტანა, ფორმატირება, რედაქტირება, სვეტებისა და სტრიქონების წაშლა-დამატება, უკანასკნელი ქმედებების   გაუქმება/გამეორება. ასევე მათემატიკური მოქმედებების (შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა) შესრულება. შეუძლია ციფრული მასალის შენახვა და მისი გავრცელება, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ინფორმაციის გარემატარებლების საშუალებით.
გაკვეთილის ბოლოს მოსალოდნელი  შედეგები: (პროდუქტი,რომელიც შეიქმნება )
·         ფორმულების გამოყენებით შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს და   ამოხსნიან ამოცანებს.
·         მონაცემებზე დაყრდნობით შექმნიან ელექტრონულ ცხრილს მოსწავლეების აკადემიური მოსწრების შესახებ
·         გამოიყენებენ მათემატიკურ მოქმედებებს მონაცემების დასაჯამებლად.
·         გამოთვლიან საშუალო არითმეტიკულს მოსწავლეების აკადემიური მოსწრების მიხედვით .
·         მონაცემებს წარმოადგენენ სხვადსხვა სახით.(ელექტრონული ცხრილი, ან დიაგრამის აგება, ან პიქტოგრამების გამოყენება)
·         შეძლებენ საკუთარი ციფრული მასალის გავრცელებას ელ-ფოსტის საშუალებით, ან ინფორმაციის გარემატარებლების გამოყენებით.
შეფასება და თვითშეფასება:
განმსაზღვრელი/ განმავითარებელი შეფასება, მოსწავლეთა  თვითშეფასება( გასასვლელი ბარათების საშუალებით)
სასწავლო მასალა და რესურსები:
სახელმძღვანელო, 14 კომპიუტერი, საპრეზენტაციო პროგრამა, თვალსაჩინოება ფლიფჩარტზე, დაფა, ხილის ბარათები, ფერადი სტიკერები, მარკერები, გამოსაძახებელი ჩხირები. გასასვლელი ბარათები.
აქტივობა №1
გაკვეთილის მიზნის და შეფასების რუბრიკის გაცნობა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებს წინასწარ ეცოდინებათ რომელ აქტივობაში და რამდენი ქულით ფასდებიან.
დრო: 2წთ
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
აქტივობის აღწერა: საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, შეფასების რუბრიკის გაცნობა.

აქტივობა №2
წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებში ელექტრონული ცხრილის ირგვლივ არსებული ცოდნის აკუმულირება (კითხვა-პასუხი, ელექტრონული რესურსის მეშვეობით)
გამოყენებული მეთოდი: ინტერაქცია
დრო: 5 წთ
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
აქტივობის არწერა: წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ვაჩვენებ ჩემს მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსს. მოსწავლეები გაიხსენებენ პროგრამა Excel-ის უკვე ნასწავლ მასალას (ელექტრონულ ცხრილების შექმნა, მონაცემთა შეტანა, ფორმატირება, რედაქტირება, სვეტებისა და სტრიქონების წაშლა-დამატება, უკანასკნელი ქმედებების  გაუქმება/გამეორება).
 აქტივობით შევაჯამებ მოსწავლეების მიერ  Excel-ის ცხრილების განხილვას, აღწერას და გახსენებას.


აქტივობა №3
პრაქტიკული სამუშაო
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირება და საკითხზე ფოკუსირება
გამოყენებული მეთოდი: პრაქტიკული სამუშაო, სინთეზი
დრო: 10 წთ
ორგანიზების ფორმა:  ჯგუფური
აქტივობის არწერა: მოსწავლეებში ჩავატარებ გამოკითხვას: ,, ვის რომელი ხილი მოსწონს?“. წინასწარ ექნებათ სხვადასხვა ხილის ბარათები, შეარჩევენ სასურველ ხილს და დაამაგრებენ დაფაზე წინასწარ მომზადებულ პიქტოგრამის ცხრილში. მოსწავლეებს ვთხოვ ჯგუფებში იმსჯელონ, როგორ წარმოადგინონ მოცემული ცხრილი ელექტრონულად და ააგონ დიაგრამა (სვეტოვანი, ან წრიული)
შევაჯამებ აქტივობას და მოსწავლეებს მივცემ უკუკავშირს.

აქტივობა №4
ახალი მასალის ახსნა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ საშუალო არითმეტიკულის გამოთვლას Excel-ის საშუალებით.
გამოყენებული მეთოდი: მინი ლექცია, სწავლა კეთებით
დრო: 5 წთ
ორგანიზების ფორმა:  მთელი კლასი
აქტივობის აღწერა: მოხდება მასწავლებლის მიერ  ახალი მასალის (Excel-ში საშუალო არითმეტიკულის) ახსნა და პრაქტიკაში მისი გამოყენების  მაგალითების  ვიზუალურად წარმოდგენასწავლების   ეს  მეთოდი(დემონსტრირება, მოდელირება)  დაეხმარება მასწავლებელს, მოსწავლეებისთვის თვალსაჩინო გახადოს ახალი სასწავლო  მასალა და მოდელირებით დააკონკრეტოს/თვალსაჩინო გახადოს, თუ რისი შესრულება მოუწევთ მოსწავლეებს დამოუკიდებლად;

აქტივობა №5
ახალი მასალის განმტკიცება
აქტივობის მიზანი: მონაცემების დამუშავება და ეფექტური წარმოდგენა
გამოყენებული მეთოდი: პრაქტიკული სამუშაო
დრო: 15 წთ
ორგანიზების ფორმა:  ჯგუფური
აქტივობის არწერა:
სიღრმისეული წვდომისათვის მოხდება ახლადშეძენილი ცოდნის ძველ მასალასთან დაკავშირება. მოსწავლეებს დავყოფ  ჯგუფებად, დავურიგებ თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილ სავარაუდო შეფასებას ქულებით წარმოდგენილს. ჯგუფები ფორმულების გამოყენებით შეასრულებენ პრაქტკულ სავარჯიშოებს, ახსნილი მასალის საფუძველზე შეძლებენ მოსწავლეების აკადემიური მოსწრების მიხედვით საშუალო არითმეტიკულის გამოთვლას და ინფორმაციის  სხვადასხვა გზით ორგანიზებას.
თითოეულ ჯგუფში იდება პროექტორი, რომელიც საშუალებას მისცემს დამსწრე მასწავლებლებს თვალი ადევნონ ჯგუფების მუშაობას და მეც დამეხმარება პროცესის უკეთ მართვაში. თან პარალელურად სამივე ჯგუფი წარადგენს პრეზენტაციას.
პრაქტიკული სამუშაოს შესრულების შემდეგ საკლასო მსჯელობით მოხდება  აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ახალი მასალის განმტკიცება.
შევაჯამებ აქტივობას და მოსწავლეებს მივცემ უკუკავშირს.

აქტივობა №6
 საშინაო დავალება
აქტივობის მიზანი: მიღებული ცოდნის განმტკიცება
დრო:  2 წთ
ორგანიზების ფორმა:  ინდივიდუალური
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს მიეცემათ საშინაო დავალება.  დავალების თემა იქნება თავიანთი  ოჯახის 6 თვის განმავლობაში გადახდილი კომუნალურების  დაანგარიშება და საშუალო არითმეტიკულის გამოთვლა ფორმულების გამოყენებით .

აქტივობა №7
 შეფასება
აქტივობის მიზანი:  მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა შეფასება განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით  და მოსწავლეთა თვითშეფასება, მოსწავლეების მიერ გაკვეთილის შეფასება
დრო:  5წთ
ორგანიზების ფორმა:  მთელი კლასი
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი შეაფასებს (განმსაზღვრელი შეფასება)  მოსწავლეებს წინასწარ მომზადებული რუბრიკების მეშვეობით. ამ  რუბრიკებს მთელი გაკვეთილის პროცესში მოსწავლეები გამოიყენებენ თვითშეფასებისთვისაც. მასწავლებელი განმავითარებელი შეფასებისთვის გამოიყენებს მოსწავლეებზე დაკვირვების ფორმასაც.











სამოდელო  გაკვეთილის გეგმა
სამოდელო გაკვეთილის ტიპი-გამჭოლი კომპეტენციების განვითარება
ციფრული წიგნიერება


მასწავლებელი:  ფიქრია მახარაშვილი
საგანი: ისტი
კლასი:  მე-6
თემა: დიაგრამები პროგრამა MS PowerPoint -ში
დრო: 45 წუთი.
მოსწავლეთა პროფილი: 14 მოსწავლე  (სსსმ მოსწავლე არ მყავს)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევას და გამოყენებას ციფრული მასალის (პრეზენტაციის, სვეტოვანი დიაგრამის) შექმნისას, ჩამოუყალიბდებათ ინფორმაციის დახარისხების, ანალიზის უნარი, მონაცემების წარმოდგენის, ურთიერთთანამშრომლობის, ეფექტური პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. 
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
·           აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის­წინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
·           გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
·           ახდენს ტექსტური,  გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;
ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
·           ინფორმაციის და ციფრული მასალის შენახვისას, წაკითხვისას და გადაცემისას აფასებს მასალის ზომას და შეარჩევს შესაფერის საშუალებას და ხერხს;
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის, სურეთების დაფორმატება და მისი ეფექტიანად გამოყენება,  მასალის დახარისხება, შენახვა და ორგანიზება. შეუძლია სლაიდებზე ინფორმაციის დატანა და პრეზენტაციის სახით წარმოდგენა. შეუძლია ციფრული მასალის შენახვა და მისი გავრცელება, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ინფორმაციის გარემატარებლების საშუალებით.
გაკვეთილის ბოლოს მოსალოდნელი  შედეგები:(პროდუქტი,რომელიც შეიქმნება )
·         საპრეზენტაცი პროგრამაში შექმნიან ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციით გამდიდრებულ ტექსტურ დოკუმენტს .
·         მასწავლებლის მიერ მიწოდებული მონაცემების მიხედვით ააგებენ დიაგრამას.
·         შეძლებენ საკუთარი ციფრული მასალის გავრცელებას ელ-ფოსტის საშუალებით, ან ინფორმაციის გარემატარებლების გამოყენებით.
შეფასება და თვითშეფასება:
განმსაზღვრელ/ განმავითარებელი შეფასება, მოსწავლეთა თვითშეფასება (გასასვლელი ბარათების საშუალებით)
სასწავლო მასალა და რესურსები:  სახელმძღვანელო, 14 კომპიუტერი, საპრეზენტაციო პროგრამა, თვალსაჩინოება ფლიფჩარტზე, დაფა ფერადი სტიკერები, მარკერები, გამოსაძახებელი ჩხირები. გასასვლელი ბარათები.
   
საორგანიზაციო საკითხები (5 წუთი)
     
 აქტივობა №1
კითხვა -პასუხის აქტივობით  პრეზენტაციის განხილვა.
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება
გამოყენებული მეთოდი: ინტერაქცია
ხანგრძლივობა: 8 წთ
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ერთ მოსწავლეს სთხოვს 4-5 სიტყვით აღწეროს ნახატი. კლასმა აღწერის მიხედვით უნდა გამოიცნოს სურათის შინაარსი. შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს იმავე სურათს აჩვენებს ეკრანზე და სთხოვს, მის შინაარსზე იმსჯელონ.
მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს, მივიდნენ დასკვნამდე:
·         თუ ზეპირი ინსტრუქციები ზუსტი და თანმიმდევრულია, სურათის ამოცნობა სწრაფად და უშეცდომოდ იქნება შესაძლებელი.
·         თუ ინფორმაციის მიღებისას სმენის ორგანოებთან ერთად მხედველობის ორგანოებსაც გამოვიყენებთ, ინფორმაციის აღქმა გაცილებით ადვილი იქნება.

საპრეზენტაციო პროგრამა საშუალებას გვაძლევს ინფორმაცია ვიზუალურად აღვიქვათ.
სვამს კითხვებს:
1.      რა არის პრეზენტაცია;
2.      როგორი უნდა იყოს კარგი პრეზენტაცია;
3.      რა უნდა გავითვალისწინოთ სლაიდებზე მუშაობისას;
პარალელურად აჩვენებს პრეზენტაციას, რომელზეც დატანილია ეს ინფორმაცია.
   აქტივობა 2:
წლის დროები და დაბადების დღეები
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა მოტივაცია და სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომა
გამოყენებული მეთოდი: პრაქტიკული სამუშაო
ხანგრძლივობა: 5 წთ
აქტივობის აღწერა:
·         მასწავლებელი დავაზე აკრავს ფლიფჩარტს, სადაც 4 წრეწირია დახაზული, წრეწირებს აწერიათ წელიწადის დროების სახელწოდებები.
·         მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ წებოვან ქაღალდზე თავის დაბადების თვე, რიგრიგობით გამოვიდნენ და მიაკრან შესაბამის ადგილას
·         მასწავლებელი სვამს კითხვას, ასე მოცემული ინფორმაციით გაიგებენ თუ არა, რამდენი მოსწავლე დაიბადა შემოდგომით? გაზაფხულზე? და სხვა
·         მასწავლებელი სთხოვს ერთ-ერთ მოსწავლეს, გაზაფხულის შესაბამისი სტიკერები თანმიმდევრობით გააკრას , შემდეგ სხვა 3 მოსწავლეც ასე იქცევა (მასწავლებელი ეხმარება მათ)
·         როგორი სახითაა წარმოდგენილი აქ მონაცემები? (ცხრილის სახით)

   აქტივობ 3  
მინი ლექცია, სვეტოვანი დიაგრამის დემონსტრირება
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
აქტივობის მიზანი: ახალი ტერმინის შემოტანა (სვეტოვანი დიაგრამა)
გამოყენებული მეთოდი:  მინი ლექცია, სწავლა კეთებით.
ხანგრძლივობა: 5 წთ
აქტივობის აღწერა:
·         მასწავლებელი მიღებულ ცხრილს ამოატრიალებს 90 გრადუსით, შემოხაზავს სტიკერების ირგვლივ სვეტებს, მოხსნის სტიკერებს  და განუმარტავს მოსწავლეებს, რომ ასე მიღებულ ნახაზს ჰქვია სვეტოვანი დიაგრამა, რომ სვეტოვანი დიაგრამის ასაგებად უნდა გაავლონ წრფეები, ჰორიზონტალურზე მონიშნონ შესაბამისი სახელწოდებები, რის შესახებაც გროვდება ინფორმაცია, ვერტიკალურზე კი  რაოდენობები
·         კითხვა-პასუხის აქტივობით მასწავლებელი მოსწავლეებს აანალიზებინებს სვეტოვან დიაგრამას.
·         მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს გაიხსენონ ვორდის დოკუმენტში როგორ ხდება დიაგრამის აგება.
    აქტივობა 4
ჯგუფებში პრეზენტაციის გაკეთება სახელწოდებით: ,,საქართველოს დიდი ქალაქები“ და დიაგრამის აგება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.
ორგანიზების ფორმა: ჯგუფური
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა ჯგუფის წევრებთან ერთად შეძლონ ინტერნეტიდან ან მასწავლებლის მიერ მიწოდებული მასალიდან საჭირო ინფორმაციის ამოღება, დაფორმატება, ფოტოების მოძიება/ დაფორმატება, ინფორმაციის დახარისხება და სლაიდებზე განთავსება. დიაგრამის აგება.
გამოყენებული მეთოდი: პრაქტიკული სამუშაო
ხანგრძლივობა: 15 წთ
აქტივობის აღწერა:

·         მასწავლებელი ურიგებს ფერად სტიკერებს ჯგუფებს, სადაც წერია იმ ქალაქის სახელწოდება, რომლის შესახებ უნდა გააკეთონ პრეზენტაცია.
·         მოსწავლეები ამზადებენ პრეზენტაციას თემის შესაბამისად 5 სლაიდით, სადაც იყენებენ ინტერნეტიდან, ან მასწავლებლის მიერ მიწოდებული მასალიდან, ტექსტის, სურათების მოძიებას, დახარისხება/დაფორმატებას და  სლაიდებზე ჩასმას.
·         საპრეზენტაციო დოკუმენტზე მუშაობის დამთავრების შემდეგ პრეზენტაციას ელექტრონული ფოსტით უგზავნიან მასწავლებელს ან იყენებენ ინფორმაციის გარე მატარებლებს (ფლეშ-ბარათებს)
·         გამოსაძახებელი ჩხირების მეშვეობით, შემთხვევითობის პრინციპით მასწავლებელი ირჩევს ერთ-ერთ ჯგუფს რომელიც გააკეთებს ნამუშევრის პრეზენტაციას. ჯგუფში თვითონვე გვარდებიან მოსწავლეები ვინ იქნება პრეზენტატორი.
  
 აქტივობა 5
   მასწავლებლის შეფასება და მოსწავლეთა თვითშეფასება
  ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური
  აქტივობის მიზანი: შეფასება და თვითშეფასება
  ხანგრძლივობა: 4 წთ
აქტივობის აღწერა:
·         მასწავლებელი ურიგებს თვითშეფასების ბარათებს, მოსწავლეები ავსებენ  მას
·         მასწავლებელი განუმარტავს, რომ თვითშეფასების ბარათები ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვისათვის (მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად და დიფერენცირებისათვის)
·         მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს როგორც განმსაზღვრელ, ისე განმავითარებელ შეფასებას
 აქტივობა 6
საშინაო დავალება
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება/თვითშეფასება, ახალი მასალის განმტკიცება. ხანგრძლივობა:  3 წთ
აქტივობის აღწერა:
·         მასწავლებელი დაფაზე აჩვენებს პროგრამა learningapps.org -ში თავის მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსს, რომლის ლინკსაც ელ.ფოსტის საშუალებით უგზავნის მოსწავლეებს. განმარტავს რესურსის მნიშვნელობას და იძლევა  მისი გამოყენების ინსტრუქციას .
·         მოსწავლეები სახლში უპასუხებენ პრეზენტაციის შედეგად გაშვებულ კითხვებს, პროგრამა თვითონვე დააფიქსირებს სწორ და არასწორ პასუხებს. არასწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლეები მოინიშნავე კითხვებს, რომელსაც მასწავლებელთან ერთად განიხილავენ მომდევნო გაკვეთილზე.


No comments:

Post a Comment